როგორ შევხვდეთ ლურჯი ცხენის წელიწადს - rogor.ge

როგორ შევხვდეთ ლურჯი ცხენის წელიწადს

 

როგორც ამბობენ, ცხენის წელს აქტიურად, ხალისით, ენთუზიაზმითა და ხმაურით უნდა შევხვდეთ, წლის განმავლობაში კი ეს ტემპი არ უნდა დავაგდოთ. ცხენის წელი ბავშვებისთვისაც განსაკუთრებულია - ამ წელს შემოქმედი ბავშვები წარმოუდგენლად აქტიურობენ, ამიტომ ყველანაირად უნდა შეუწყოთ ხელი, რათა მათ ბრწყინვალე გონებაში შობილი იდეები პრაქტიკულად განხორციელდეს.

 

იმისთვის, რომ ოთახში ლურჯი ან მწვანე ფერი დომინირებდეს, სულაც არ არის აუცილებელი ძვირადღირებული აქსესუარები გამოიყენოთ. კლასიკური თეთრი სუფრა სრულიად საკმარისია. დაე, ეს იყოს ფონი, რომელზეც შესაბამისი ფერის ჭურჭელს და ხელსახოცებს განათავსებთ (ხელსახოცების ფერების არჩევანი პრაქტიკულად შეუზღუდავია და მათი შეძენა ყველგან შეგიძლიათ).

 

კარგი იქნება, თუ სადღესასწაულო სუფრას ზედმეტად არ გადატვირთავთ და აქსესუარებისთვის მეტ ადგილს დატოვებთ. თეთრ სუფრაზე უბრალოდ მიმოფანტული ელვარე ფირფიტები ან წვრილად დაჭრილი წვიმები უკვე ქმნის სადღესასწაულო განწყობას. შეგიძლიათ ლურჯი ან მწვანე \"თოვლიც\" გქონდეთ. ამისთვის პენოპლასტის ბურთულების შეღებვაც საკმარისია.

 

ცხენის წლის მთავარი სიმბოლო ხის ცხენი და ზოგადად ხის ფიგურებია. უფრო ორიგინალური იქნება, თუ სადღესასწაულოდ მორთულ ოთახში ბავშვებთან ერთად ტყეში შეგროვილ ხის ტოტებისგან შეკრულ დეკორატიულ სამშვენისებს განათავსებთ. ეს საკმაოდ საინტერესო პროცესია - სთხოვეთ ბავშვს ისეთი ტოტები შეაგროვოს, რომლებიც ან ცხოველის თავს ჰგავს ან რომელიმე ზღაპრის პერონაჟს. ტოტებისგან შექმნილ კომპოზიციას წვრილი გირჩებიც დაუმატეთ, რომლებიც შეგიძლიათ მწვანედ ან ლურჯად შეღებოთ (საღებავად შეგიძლიათ ფრჩხილის ლაქიც გამოიყენოთ).

 

ცხენის თავის გაკეთება ძველი წინდისგანაც შეგიძლიათ (წინდის ქუსლი ცხენის კეფა იქნება). წინდა ბამბით გატენეთ, ზედ საქსოვი ძაფით თვალები, პირი და ცხვირის ნესტოები ამოქარგეთ. ამავე ძაფით ფაფარი გაუკეთეთ და ცხენიც მზადაა.

 

სთხოვეთ ბავშვს მაგარი ქაღალდისგან ცხენის პატარა ფიგურები გამოჭრას და სურვილისამებრ მოხატოს. შემდეგ ეს ფიგურები ძაფზე აკინძეთ და ორიგინალური გირლანდაც მზადაა. იგივე პრინციპით გააკეთებინეთ ნალების გირლანდაც. ზოგადად ნალი ისედაც მიიჩნევა იღბლიანობის სიმბოლოდ, მომავალი წლის დასახვედრად კი ყველაზე შესაფერისი ნივთია.