როგორ ავარიდოთ თავი პლაგიატს - rogor.ge

როგორ ავარიდოთ თავი პლაგიატს

 

იმისათვის, რომ პლაგიატორობის საფრთხე არ დაგემუქროთ, ყოველთვის დაიცავით ქვემოთ მოცემული სამი ძირითადი წესი: თუ ნებისმიერი სხვა ადამიანის იდეებს იყენებთ, ზუსტად დაასახელეთ წყარო; თუ თქვენს ნაშრომში ბუნდოვნად ჩანს, როგორ გამოიყენეთ ესა თუ ის წყარო, ისე შეცვალეთ მისი მოტანის ფორმა, რომ ეს სრულიად ცალსახად გასაგები გახდეს; თუ ვინმე დაგეხმარათ წერილობითი ნაშრომის შესრულებისას, აუცილებლად მოიხსენიეთ ის და გამოყავით, დააფასეთ მისი წვლილი (Georgetown University, 2007. აბზ. 2). ქვემოთ მოცემულია ის კონკრეტული სტრატეგიები, რომლებიც დაგეხმარებათ პლაგიატორობისგან თავის არიდებაში.

 

ყოველთვის ჩასვით ბრჭყალებში ნებისმიერი რამ, რასაც პირდაპირ ამოიღებთ ტექსტიდან, განსაკუთრებით, წერისთვის მოსამზადებელ ეტაპზე, როდესაც ჩანიშვნებს აკეთებთ;

 

გააკეთეთ პერიფრაზი, თუმცა გადაამოწმეთ, რომ პერიფრაზირების ნაცვლად უბრალოდ სიტყვების გადანაცვლება არ გამოგივიდეთ; ყურადღებით წაიკითხეთ ტექსტი, რომლის პერიფრაზსაც აკეთებთ, შემდეგ ხელი დააფარეთ ტექსტს ან თვალები დახუჭეთ, რათ თვალი არ გაგექცეთ და ორიგინალში ჩახედვის გარეშე თქვენი სიტყვებით ჩაწერეთ ტექსტი.

 

შეადარეთ პერიფრაზი ორიგინალს და დარწმუნდით, რომ არ გაქვთ გამოყენებული იგივე ფრაზები ან სიტყვები, ხოლო ინფორმაცია (ანუ შინაარსი) ზუსტადაა გადმოცემული.

 

თქვენ არ გჭირდებათ ისეთი ფაქტების წყაროს მითითება, რომლებიც საყოველთაოდაა ცნობილი და რომელთა შესახებაც უამრავ წყაროს მოიძიებთ. მაგალითი: "ჯონ კენედი აშშ-ის პრეზიდენტად 1960 წელს აირჩიეს". ეს წინადადება საყოველთაოდ ცნობილ ფაქტს აღწერს, ამიტომ თქვენ არ გევალებათ მისი დოკუმენტირება ანუ წყაროს მითითება, თუმცა აუცილებელია დოკუმენტირება მაშინ, როდესაც მოგაქვთ ისეთი ფაქტები, რომლებიც არ არის საყოველთაოდ ცნობილი და ისეთი იდეები, რომლებიც ფაქტების ინტერპრეტაციას გულისხმობენ.

 

მაგალითი: ორგანიზაცია ამერიკული ოჯახის კოალიციის ახალი წიგნის "ოჯახის საკითხები და კონგრესი" მიხედვით, პრეზიდენტ ბუშისა და კონგრესის ურთიერთობის შედეგად ვეტო დაედო ამ ორგანიზაციის მიერ წარდგენილ კანონპროექტს (6). მოსაზრება იმის თაობაზე, რომ "პრეზიდენტ ბუშისა და კონგრესის ურთიერთობის შედეგად ვეტო დაედო ამ ორგანიზაციის მიერ წარდგენილ კანონპროექტს" ინტერპრეტაციაა და არა _ ფაქტი. შესაბამისად, თქვენ უნდა მიუთითოთ კონკრეტული წყარო, საიდანაც ამოიღეთ ეს მოსაზრება (Writing Tutorial Services, Indiana University, 2004).